ბრიტანეთში დარეგისტრირებული სატვირთო გემი Rubymar წითელ ზღვაში ჰუსიტების სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩაიძირა.
როგორც გამოცემა Daily Mail წერს, გემზე თავდასხმა ბაბ ელ-მანდების სრუტეში 18 თებერვალს მოხდა. სერიოზული დაზიანების მიღების შემდეგ, გემი უკონტროლოდ დაიძრა ჩრდილოეთით და შემდეგ ჩაიძირა.
ამასთან, ჩაძირვამდე ამერიკელმა სამხედროებმა გააფრთხილეს, რომ გემის ჩაძირვის შედეგად გარემოს სერიოზული ზიანი მიადგებოდა. Rubymar -ს 41 ათასი ტონა სასუქი გადაჰქონდა. გარდა ამისა, გემის გარშემო ერთი კილომეტრის სიგრძის ნავთობის ლაქა წარმოიქმნა. შეტევის შემდეგ გემის ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა აფრიკის ქვეყანა ჯიბუტში.
2023 წლის ნოემბრიდან ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა დაიწყეს შეტევა წითელ ზღვაში მოძრავ სავაჭრო გემებზე. თავდაპირველად, თავს დაესხნენ მხოლოდ ისრაელთან დაკავშირებულ გემებს, მაგრამ შემდგომში მათი სამიზნე სხვა ქვეყნების გემებიც გახდა. საზღვაო მარშრუტი სუეცის არხისა და წითელი ზღვის გავლით არის უმოკლესი გზა ევროპასა და აზიას შორის, რომელსაც კომერციულ გემები აქტიურად იყენებენ.
შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ პირველი დარტყმები 12 იანვარს დაიწყეს.