ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ გააკრიტიკა უნგრელი კოლეგა ვიქტორ ორბანი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შეფერხების გამო. ამის შესახებ მან პოლონურ გამოცემა Rzeczpospolita-თან ისაუბრა.
ორპომ მიუღებელი უწოდა უნგრეთის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვას.
„შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვის მიზეზი არ არსებობს. შვედეთი მზად არის, ის აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. რასაც უნგრეთი აკეთებს, მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება შვედეთი ნატო-ში წელს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბალტიისპირეთის უსაფრთხოება", - აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, არის თუ არა ორბანი პუტინის მოკავშირე, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „რასაც ის აკეთებს შვედეთთან მიმართებით, ეხმარება პუტინს“.
ამავდროულად, ორპო მიიჩნევს, რომ ასეთი დახმარება შესაძლოა იყოს მიზანმიმართული, მაგრამ მან არ იცის უნგრეთის პრემიერის მოტივაცია.
„ძალიან ვამაყობ, რომ ორი კვირის წინ ევროკავშირი დათანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებას. ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ 26-მა ქვეყანამ შეძლო გაერთიანება და არ დაემორჩილა ორბანის შანტაჟს... პოლონეთის ახალი მთავრობის წყალობით, ჩვენ შევძელით უნგრეთის ვეტოს გადალახვა უკრაინის მხარდასაჭერად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - დასძინა ფინეთის პრემიერმა.
როგორც ცნობილია, უნგრეთი ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მხარი არ დაუჭეროა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოფიციალურად მხარი დაუჭირა შვედეთის კანდიდატურას იანვარში, მაგრამ ის მაინც უნდა დაამტკიცოს უნგრეთის პარლამენტმა.