ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმათი, ახალგაზრდობის საქმეთა რეგიონული მინისტრი გახდა. ამის შესახებ განაცხადა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა.
მისი თქმით, ახმათის დაწინაურება მისი წინა მიღწევების ლოგიკური შედეგი იყო: კადიროვის შვილს თანმიმდევრულად ეკავა რეგიონული ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობები.
გარდა ახალი თანამდებობისა, ახმათმა მიიღო უმაღლესი ჯილდო ჩეჩნეთში - ახმათ კადიროვის ორდენი.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის რამზან კადიროვის 30 ნათესავი ჩეჩნეთში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებს. ოქტომბერში რესპუბლიკის მეთაურის ქალიშვილი, 24 წლის აიშათი, რეგიონული მთავრობის ვიცე-პრემიერი გახდა, მანამდე ის კულტურის მინისტრი იყო.
მარტში მისმა დამ ხუთმათმა დაიწყო ჯანდაცვის ზედამხედველობა. ნოემბერში კადიროვის 15 წლის ვაჟმა, ადამმა, რომელიც ცნობილია წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრის ცემით, მამამისის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის თანამდებობა მითო.
2024 წლის იანვარში, რამზან კადიროვის კიდევ ერთმა ქალიშვილმა, 24 წლის ხადიჯათმა, დაიკავა რესპუბლიკის მეთაურის და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა. მანამდე ის იყო გროზნოს მერიის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების გამგე.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს რეგიონებში მათი ხელმძღვანელები იღებენ. „ეს არის რეგიონის ხელმძღვანელის პრეროგატივა და ამ შემთხვევაში რამზან კადიროვი იყენებს ამ პრეროგატივას“, - აღნიშნა მან.