ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები მზად არიან, გადასცენ უკრაინას ახალი ტიპის ყველა იარაღი ომში რუსეთის დასამარცხებლად.
"ყოველთვის იქნება დისკუსია იმის თაობაზე, გადავცეთ თუ არა იარაღის შემდეგი სისტემა უკრაინას. მაგრამ დასავლეთში ზოგადი განწყობაა, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის მომავალში", - განუცხადა რუტემ DW-ს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
„ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია თავდაცვის ხარჯებში, მნიშვნელოვნად გავზარდოთ იარაღის წარმოება და გაცილებით მეტი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად“, - დასძინა ნიდერლანდების პრემიერმა.
რუტემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულება არ უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის შესაძლო არჩევას და კიევისთვის ამერიკის დახმარების გაყინვას. „ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ღირებულებების დაცვა უკრაინის დაცვით და ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების მაქსიმალური პოტენციალის მიღწევით“, - აღნიშნა მარკ რუტემ.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ახსენა, რომ მისი ქვეყანა დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან და კოალიციის სხვა ქვეყნებთან ერთად აპირებს უკრაინას 24 F-16-ის ტიპის გამანადგურებლის გადაცემას.
”ეს არის უზარმაზარი პროგრესი,” - თქვა რუეტმ. მისი თქმით, უკრაინელი მფრინავების წვრთნა და გამანადგურებლების მიწოდებისთვის მომზადება სწრაფად მიმდინარეობს. ამასთან, რუტეს არ დაუკონკრეტებია უკრაინაში ავიაგამანადგურებლების გაგზავნის ზუსტი დრო.