რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციებზე დაკავებები დღესაც გაგრძელდა.
მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში შაბათს, 17 თებერვალს, აქციების დროს ათობით ადამიანი დააკავეს.
ადამიანები, რომლებიც მოსკოვში, სახაროვის გამზირზე, ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნის ნიშნად მემორიალთან ყვავილების დასადებად მივიდნენ, პოლიციამ დაარბია. ინფორმაციას რუსულენოვანი მედია და ტელეგრამარხები ავრცელებენ.
”როგორც ჩანს, ბრძანება მიიღეს სახაროვის გამზირზე მდებარე ტერიტორიის სრულად გასასუფთავებლად, სადაც დედაქალაქში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი მთავარი იმპროვიზირებული მემორიალია“. - წერს ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი SOTA. მისივე ცნობით, ძალოვანებმა მიიღეს ბრძანება დააკავონ ყველა, ვისაც გამოტანილი აქვს პლატაკები.
17 თებერვალს, მოსკოვის დროით 17:30 საათისთვის, რუსეთის 30 ქალაქში 186-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველების ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში სულ მცირე 74 ადამიანი დააკავეს, მოსკოვში კი 49. ოთხი ნოვოსიბირსკში, სულ მცირე ოთხი კი ჩელიაბინსკში. გარდა ამისა, ცნობილია დაკავებების შესახებ სამარაში, ულან-უდეში, ნიჟნევარტოვსკში, ორენბურგში, სტავროპოლში და სხვა ქალაქებში.
რუსი ოპოზიციონერის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მთავარ მოწინააღმდეგედ და პირად მტრად ოყო მიჩნეული, 16 თებერვლიდან არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იმართება.