მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური აქტია, რომ პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში კერძო ვიზიტით იმყოფება და მისთვის არ არის საინტერესო.
„ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა. კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია უმაღლეს დონეზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება იქ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, ეს გახლავთ სწორედ პოლიტიკური აქტი, რომ პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის შედგეს ბრიუსელში, ევროკავშირში და ნატო-ში. პრემიერ-მინისტრს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ევროკავშირის ყველა ხელმძღვანელთან და ნატო-ში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. თავის დროზე, მეც, როდესაც ამირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ, მაშინაც, სწორედ ამ განზრახვით პირველი ვიზიტი მქონდა ბრიუსელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.