საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას და ერთსნაირსქესიანთა ოჯახების მიერ ბავშვების შვილად აყვანის უფლებას.
საბერძნეთი გახდა 37-ე ქვეყანა მსოფლიოში და პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალიზება მოახდინა.
საბერძნეთის პარლამენტის 245 დამსწრე წევრიდან 176-მა ხმა მისცა ახალ კანონს.
კანონს ხელი შეუწყო პირადად პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, კონსერვატიული პარტიის ახალი დემოკრატიის ლიდერმა. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრის პარტიის ათობით დეპუტატი ეწინააღმდეგებოდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, მაგრამ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხმა მისცეს მას, მათ შორის მემარცხენე სირიზას პარტიიდან, რომლის ლიდერი სტეფანოს კასელაკისი ღიად ჰომოსექსუალია.
„ეს არის ისტორიული ეტაპი ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ასახავს დღევანდელ საბერძნეთს - პროგრესულ, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც სჯერა ევროპული ღირებულებების“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა სოციალურ ქსელში.
ეკლესიის წინამძღვარმა, ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოსმა იერონიმე II-მ განაცხადა, რომ ახალი კანონი არის მცდელობა, დაუწესოს ქვეყანას ახალი რეალობა, რომელიც ანგრევს საზოგადოების სტრუქტურას.
რამდენიმე დღის წინ ათენში ახალი კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ხატებითა და ჯვარცმებით ხელში, აქციაზე დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი გამოვიდა.