2023 წელს მსოფლიოში მედიის 99 თანამშრომელი დაიღუპა. მათგან სამ მეოთხედზე მეტი დაიღუპა ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს ღაზის სექტორში. ამის შესახებ ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ) იუწყება.
მოკლული ჟურნალისტების რიცხვი 2015 წლის შემდეგ მაქსიმუმადე გაიზარდა და მიმდინარე წელს 2022 წლის მაჩვენებელს 44 პროცენტით გადააჭარბა, - ნათქვამია CPJ-ის მოხსენებაში. ამავდროულად, ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციის პირველ სამ თვეში დაიღუპა 77 ჟურნალისტი და მედიის სხვა თანამშრომელი, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე ერთი წლის განმავლობაში ერთ ქვეყანაში. კომიტეტის ინფორმაციით, ღაზაში დაიღუპა 72 პალესტინელი, სამი ლიბანელი და ორი ისრაელელი ჟურნალისტი.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის ჯოდი გინსბერგის განცხადებით, ღაზის სექტორში მედიის წარმომადგენლები არიან ომში მიმდინარე მოვლენების მოწმეები. მისივე თქმით, პალესტინელი ჟურნალისტების უზარმაზარ დანაკარგს ექნება გრძელვადიანი შედეგები მედიისთვის არა მხოლოდ პალესტინის ტერიტორიებზე, არამედ მთელ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
CPJ-ის ანგარიშის თანახმად, ამავდროულად, დანარჩენ მსოფლიოში დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა შემცირდა. უკრაინის ომის დროს 13 ჟურნალისტი დაიღუპა 2022 წელს, ხოლო 2023 წელს - 2. ანგარიშის ავტორების აზრით, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენელთა უკეთესი მომზადებით. ასევე ომის ზონებში აკრედიტაციის მკაცრი წესებით.
ამავდროულად CPJ ხაზს უსვამს, რომ მოკლული ჟურნალისტების რაოდენობის შემცირება მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, არ შეიძლება ჩაითვალოს იმის მტკიცებულებად, რომ ჟურნალისტიკა უფრო უსაფრთხო გახდა. დაკავებულ ჟურნალისტთა რაოდენობა 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით 320 იყო, რაც უახლოვდება 2022 წლის უპრეცედენტო მაჩვენებელს.