შეერთებული შტატების სენატმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის ფინანსურ დახმარებას.
კანონპროექტით გათვალისწინებულია 95.3 მილიარდი დოლარის გამოყოფა ამ სამი ქვეყნისთვის. 61 მილიარდი აშშ დოლარი უკრაინისთვის, 14 მილიარდი აშშ დოლარი ისრაელისთვის და 4.83 მილიარდ დოლარი ტაივანისთვის.
კონგრესის ზედა პალატაში, სადაც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, კანონპრექტს მხარი 70-მა სენატორმა, მათ შორის 22-მა რესპუბლიკელმა, დაუჭირა. 29 სენატორი წინააღმდეგ წავიდა.
სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი "ეხება არა მხოლოდ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, არა მხოლოდ აშშ-ის მოკავშირეების, არამედ ყველა დასავლური დემოკრატიის უსაფრთხოებას".
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა ამერიკელ სენატორს, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარებას.
სენატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ახლა უნდა გადაეგზავნოს კონგრესი წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია. სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატა უარყოფს კანონპროექტს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი მკაცრად აკრიტიკებს კანონპროექტს, რადგან იგი არ ითვალისწინებს შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე კონტროლის გამკაცრების ხარჯებს, რასაც რესპუბლიკელები დაჟინებით მოითხოვენ.