ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში მსოფლიოში სახელგანთქმული კარნავალი მიმდინარეობს.
კარნავალი 9 თებერვალს დაიწყო და 14 თებერვლამდე გასტანს.
ღონისძიება ტრადიციისამებრ გახსნა ქალაქის მერმა, რომელმაც ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა "მეფე მომოს". სწორედ ის ხელმძღვანელობს კარნავალს მისი მიმდინარეობის განმავლობაში.
სადღესასწაულო დღეები მთელ ბრაზილიას მოიცავს, მაგრამ ყველაზე მასშტაბური მსვლელობა რიო დე ჟანეიროში იმართება.
ბრაზილიის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 49 მილიონი ბრაზილიელი ქვეყნის მასშტაბით და 200 000 ტურისტი.
რიოს კარნავალი შედგება მოცეკვავეებისგან, მრავალფეროვნად და სახალისოდ ჩაცმული ადამიანებისგან, რომლებიც რიოს ადგილობრივ სამბას სკოლებს წარადგენენ. ერთ-ერთ მთავარ სანახაობად რიოს კარნავალზე სამბა სკოლებს შორის მეტოქეობა ითვლება, რომელსაც ისინი დების პაექრობას უწოდებენ.
ყოველი სკოლა ირჩევს თემას, შემდეგ კი ცდილობს თავისი დადგმული ცეკვა წარმოაჩინოს. სამბას სკოლები ასევე მუშაობენ საუკეთესო კოსტიუმების, სიმღერებისა და ესთეტიკის შექმნაზე, რათა მიიპყრონ მაყურებელთა ყურადღება.








