ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი დრის ვან აგტი მეუღლესთან ერთად ევთანაზიის პროცედურის გზით აღესრულა.
ამის შესახებ ყოფილი პრემიერის მიერ დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია The Rights Forum-ი იუწყება. ინფორმაციას AP ავრცელებს.
წყვილი 5 თებერვალს გარდაიცვალა. ცოლ-ქმარს დაკრძალავენ აღმოსავლეთ ქალაქ ნეიმეგენში. ორივე 93 წლის იყო.
„ის გარდაიცვალა ხელჩაკიდებული თავის საყვარელ ცოლთან ევგენია ვან აგტ-კრეკელბერგთან ერთად, რომელთანაც 70 წელზე მეტი გაატარა და რომელსაც ყოველთვის „ჩემს გოგოს“ უწოდებდა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ვან აგტი ნიდერლანდების პრემიერ- მინისტრი 1977-1982 წლებში იყო.
თანამდებობების დატოვების შემდეგ მან განაგრძო აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო პოლიტიკაში, კერძოდ, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
1999 წელს ისრაელში ვიზიტის შემდეგ, ვან აგტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს პალესტინელ ხალხს. 2009 წელს მან დააარსა ორგანიზაცია The Rights Forum-ი, რომელიც ემხრობა "სამართლიან და მდგრად ნიდერლანდურ და ევროპულ პოლიტიკას პალესტინა-ისრაელი საკითხზე".