უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღმოაჩინეს 1.5 მილიარდი გრივნის (40 მლნ დოლარზე მეტი) ოდენობის დანაკარგი, შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის დოკუმენტებში.
კორუფციული სქემის ორგანიზებაში ეჭვმიტანილები არიან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების დეპარტამენტის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები. ასევე, იარაღის მიმწოდებელი კომპანიის „ლვოვის არსენალის“ ტოპ მენეჯერები და უცხოური კომპანიის წარმომადგენლები.
საქმეში სულ 5 ადამიანი ფიგურირებს. მათი ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, რომ ეჭვმიტანილები არიან თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი თოომას ნაჰკური, მისი წინამორბედი ალექსანდრ ლიევი და „ლვოვის არსენალის“ ხელმძღვანელი იური ზბიტნევი
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა საზღვარგარეთ გაქცევა სცადა და დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით ქონების მითვისება ორგანიზებული ჯგუფის მიერ. დანაშაული ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ქონების კონფისკაციას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტი გააფორმა „ლვოვის არსენალთან“ 100 000 საარტიოლერიო ჭურვის შესაძენად. კონტრაქტის ღირებულება 1.5 მილიარდი გრივნა იყო.
თავდაცვის სამინისტრომ თანხა სრულად გადაურიცხა იარაღის მიმწოდებელ კომპანიას, თუმცა უკრაინის არმიას საარტილერიო ჭურვები არ მიუღია.
როგორც იუწყებიან, მოპარული თანხა უკვე ამოღებულია და მიმდინარეობს მისი უკრაინის ბიუჯეტში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა.