ისრაელი და ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასი” ახლოს არიან შეთანხმებასთან ღაზის სექტორში დროებით ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ამის შესახებ იუწყება ორი ამერიკული გამოცემა The New York Times და The Wall Street Journal.
NYT აშშ-ის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რომ, შეთანხმების წერილობითი პროექტი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას 2 თვით „ჰამასის“ 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ.
გამოცემის ცნობით, პირველი ეტაპი გულისხმობს საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას, ასევე ქალების, მოხუცების და დაჭრილი მძევლების გათავისუფლებას.
გამოცემის წყაროების განმარტებით, ამ დროს შემუშავდება მეორე ეტაპის დეტალები, მათ შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და ისრაელის სამხედროებისა და კაცი მძევლების გათავისუფლება. პალესტინელების რაოდენობა, რომლებსაც ისრაელის მხარე საპასუხოდ ციხიდან გაათავისუფლებს, მოლაპარაკების საგნად რჩება. გარდა ამისა, გარიგება გულისხმობს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ მხარეებს შორის მნიშვნელოვანი უთნხმოებებია. თუმცა შუამავლები ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავენ და აღიარებენ, რომ საბოლოო შეთანხმება უახლოეს ორ კვირაში იქნება მიღწეული.
ამათან, WSJ-ის წყაროებმა ეგვიპტის ოფიციალური პირებიდან განაცხადეს, რომ საერთაშორისო შუამავლების წინადადებაა გაათავისუფლონ ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი, დაახლოებით 4-თვიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.
გამოცემის ცნობით, პირველი ეტაპი მოიცავს საომარი მოქმედებების ექვსკვირიან პაუზას ბავშვების, ქალებისა და მოხუცების გასათავისუფლებლად, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ისრაელი თავის მხრივ ციხიდან გაათავისუფლებს პალესტინელების მნიშვნელოვან რაოდენობას და გაზრდის ჰუმანიტარული დახმარების ნაკადს ღაზის სექტორში.
ეგვიპტის ოფიციალური პირები მიუთითებენ, რომ შემდეგ ეტაპებზე ისრაელელი ქალი სამხედროები უნდა გათავისუფლდნენ, შემდეგ კაცი სამხედროები, ასევე უნდ დააბრუნონ დაღუპულთა ცხედრები. მათი თქმით, „ჰამასი“ მიიღებს საერთაშორისო გარანტიებს, რომ საომარი მოქმედებების პაუზის დროს მიღწეული იქნება ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელსაც რეგიონში ომის სამუდამოდ დასრულება მოყვება.
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების შესახებ კონსულტაციები პარიზში 28 იანვარს იმართება. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ისრაელისა და ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი და კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდელ რაჰმან ალ თანი.