ირანმა წარმატებით განახორციელა ერთდროულად 3 კოსმოსური თანამგზავრის გაშვება. იტყობინება ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA.
სააგენტოს ცნობით, თანამგზავრების გაშვება განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი გამშვები დანადგარით Simorgh.
იუწყებიან, რომ ეს არის ირანის მიერ ერთდროულად 3 თანამგზავრის გაშვების პირველი შემთხვევა.
სააგენტოს ინფორმაციით, Mahda კვლევითი თანამგზავრია, ხოლო Kayhan-2 და Hatef-1-ი ნანოსატელიტები, რომლებიც კომუნიკაციებისა და გეოლოკაციების სისტემების შესამოწმებლად შეიქმნა.
20 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის კოსმოსურმა სააგენტომ თანამგზავრი Soraja ორბიტაზე 760 კმ სიმაღლეზე გაუშვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ირანულმა თანამგზავრმა გადალახა 500-კილომეტრიანი სიმაღლე. გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაგმეს ამ თანამგზავრის გაშვება.
ირანმა უარყო მათი კრიტიკა და მას შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა. თეირანი აცხადებს, რომ მისი კოსმოსური პროგრამა ემსახურება მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს. დასავლეთი შიშობს, რომ ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება თანამგზავრების გასაშვებად, შეიძლება გამოყენებულ იქნას ბალისტიკური რაკეტებისთვისაც ბირთვული ქობინებით.