ინდოეთი, რომელიც მსოფლიოში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორია, ცდილობს დისტანცირებას რუსეთისგან და იხრება დასავლეთისკენ, იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს გააფართოოს თავისი გავლენა ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
სტოკჰოლმის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინდოეთმა დახარჯა 60 მილიარდ დოლარზე მეტი იარაღის შესყიდვაზე, მათ შორის ამ მიწოდების 65% რუსეთმა განახორციელა. თუმცა, ინსტიტუტის 2023 წლის მარტის ანგარიშის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსული იარაღის ექსპორტი ინდოეთში 37%-ით შემცირდა. იმავე პერიოდში რუსეთმა გაზარდა მიწოდება ჩინეთში (39 პროცენტით) და ეგვიპტეში (44 პროცენტით).
”ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენ ხელი მოვაწეროთ რაიმე მნიშვნელოვან სამხედრო შეთანხმებას რუსეთთან. ეს იქნება წითელი ხაზი ვაშინგტონისთვის", - აცხადებს ნიუ-დელის Observer Research Foundation-ის ექპრეტი რუსეთის საკითხებში ნანდან უნიკრიშნანი.
Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამავდროულად, რუსეთმა შესთავაზა ინდოეთს მიაწოდოს ყველაზე თანამედროვე „კამოვის“ ტიპის ვერტმფრენები და„სუხო“-ისა“ და“მიგ“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები ინდოეთში ერთობლივი წარმოების შესაძლებლობით.
”რუსეთმა საჯაროდ მოუწოდა ინდოეთს თავდაცვის კავშირების გაღრმავებისკენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ყურადღება გაამახვილა დასავლური ტექნოლოგიის გამოყენებით შიდა წარმოებაზე", - აღნიშნავს გამოცემა.
ინდოეთი აფართოებს სამხედრო თანამშრომლობას დასავლეთთან, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან. გასულ წელს ქვეყნებმა გააფორმეს გარიგება, რომლის მიხედვითაც General Electric-მა ინდოეთში უნდა გამოუშვას ძრავები ამ ქვეყნის ავიაგამანადგურებლებისთვის.
გარდა ამისა, Reuters-ის წყაროების თანახმად, ინდოეთი განიხილავს ფრანგული გამანადგურებლების შეძენას მისი უახლესი ავიამზიდისთვის და ასევე სურს ფრანგული, გერმანული ან ესპანური ტექნოლოგიის გამოყენებით წყალქვეშა ნავებისა და ამერიკული და ფრანგული ძრავებით მოიერიშე თვითმფრინავების წარმოება.
„ინდოეთი გააგრძელებს თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში, რათა ერთდროულად შეინარჩუნოს კავშირები რუსეთთან და დააბალანსოს ისინი დასავლეთთან კავშირებთან, მაგრამ ეს არ იქნება თანაბარი გადანაწილება“, - ციტირებს სააგენტო Reuters-ი Manohar Parrikar Institute for Defence Studies and Analyses-ის სახელმწიფო ინსტიტუტის ექსპერტს ევრაზიის საკითხებში სვასტი რაოს.