უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ვერც რუსული და ვერც უკრაინული მხარე ვერ გასცემენ სრულ პასუხს, თუ რა მოხდა ბელგოროდის რაიონში ილ-76 თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს.
„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ერთი მხარე პასუხს ვერ სცემს, რა მოხდა იქ.
რუსეთის პოზიცია ნათელია - ყველაფერში უკრაინა დაადანაშაულოს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც გაურკვეველია ასეთი პოზიციისთვის.
ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ მათ არ აჩვენეს ცხედრებითა და ნაშთებით მიმოფანტული ველი, ისე როგორც ეს უნდა ეჩვენებინათ, რათა მაქსიმალურად დაედანასაულებინათ უკრაინა. მაგრამ ესეც არ არის. ანუ ვითარება ბოლომდე არ არის ნათელი.
თუ ეს მოხდა ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, მაშინ რატომ მალავდა და რატომ მალავს რუსეთი ცხედრებს რამდენიმე დღის განმავლობაში? მას ეს მთელ მსოფლიოს უნდა ეჩვენებინა: „აი, უკრაინელები მკვლელები არიან“. მაგრამ ცხედრები არ არის, არაფერია“.
24 იანვარს რუსეთის ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. უკრაინის შეიარაღებული ძალებში განაცხადეს, რომ რუსებს გადაჰქონდათ S-300-ის რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავს უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდში გაცვლის მიზნით გადაჰყავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოხდა „ორი უკრაინული რაკეტის გაშვება“, დარტყმის შედეგად დაიღუპა 74 ადამიანი, მათ შორის 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე.