მედიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ზომების პაკეტი, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება, არის ყველაზე მკაცრი და სამართლიანი რეფორმების ნაკრები. ამასთან, მან პირობა დადო, რომ კანონპროექტის ხელმოწერის დღეს საზღვარს დაკეტავს.
„ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, თუ კანონის სახით ამოქმედდება, იქნება ყველაზე მკაცრი და სამართლიანი საზღვრის უსაფრთხოების რეფორმები ნაკრები, რაც კი ოდესმე გვქონია ამ ქვეყანაში.
ეს მე, როგორც პრეზიდენტს, ახალ საგანგებო უფლებამოსილებას მომცემს, დავკეტო საზღვრები, როცა ის გადატვირთული იქნება. და თუ ასეთი უფლებამოსილება მომეცემა, მას კანონპროექტის ხელმოწერის დღეს გამოვიყენებ“, - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის კომენტარები მოჰყვა სენატში ორპარტიულ მოლაპარაკებებს საზღვრის უსაფრთხოების შესახებ, რასაც ზოგიერთი უკრაინის შემდგომი დახმარების პირობად მიიჩნევს. იმავდროულად, კანონმდებლების განცხადებით, ვითარება საზღვარზე კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა.
სენატორების მცირე ჯგუფი თვეების განმავლობაში ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების ნაკადის დარეგულირებასთან დაკავშირებით.
მედიის ცნობით, ამ მოლაპარაკებების დროს თეთრი სახლი დათანხმდა მიგრანტების გაძევებისთვის ახალი სტრუქტურის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც კვეთენ საზღვარს, სწრაფად დაბრუნდნენ მექსიკაში, თუ ყოველდღიური დაკავების მაჩვენებელი 4000-ს გადააჭარბებს,
ამასთან, თუ დაკავებულთა რაოდენობა დღეში 5000-ს გადააჭარბებს, მიგრანტების განდევნაზე უფლებამოსილება სავალდებულო გახდება.