იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებებმა განაცხადეს, რომ ფინანსური დახმარება დროებით შეუწყვიტეს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს (UNRWA) მას შემდეგ, რაც მისი რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე “ჰამასის“ თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობაში დაადანაშაულეს.
მანამდე სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელისგან მიიღი მტკიცებულებები 12 თანამშრომლის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.
„მივიღე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევუწყვიტო ამ თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულებები და ჩავატარო გამოძიება სიმართლის სწრაფად დადგენის მიზნით“, - განაცხადა სააგენტოს გენერალურმა კომისარმა ფილიპ ლაზარინიმ.
ასევე სააგენტოს დაფინანსების შეჩერების შესახებ მანამდე შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ და კანადამ განაცხადეს, რომლებსაც დღეს იტალია და დიდი ბრიტანეთი შეუერთდნენ.
ისრაელი-“ჰამასის“ ომის დაწყებიდან ორ მილიონზე მეტი პალესტინელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.