შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე, კვლავ დააბრუნოს ბირთვული იარაღი დიდ ბრიტანეთში. წერს გამოცემა The Telegraph-ი პენტაგონის დოკუმენტებზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ბირთვული ქობინები გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების ბაზაზე (Lakenheath) განთავსდება, საფოლკის საგრაფოში.
ამასთან, პენტაგონი გეგმავს ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ამერიკელი სამხედროებისთვის, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ. პროექტის განხორციელება ივნისში უნდა დაიწყოს.
მოსალოდნელია, რომ ბაზაზე განათავსებენ B61-12 ახალ ბირთვულ ავიაბომბებს 50 კილოტონამადე სიმძლავრის. ამჟამად მათით აღჭურვილია B-2 Spirit -ის სტრატეგიული ბომბდამშენები.
შეერთებულმა შტატებმა დიდი ბრიტანეთიდან ბირთვული იარაღი 2008 წელს გაიტანა, რადგან მიიჩნევდა, რომ ცივი ომის შემდეგ, რუსეთიდან პოტენციური საფრთხეები შემცირდა.
პენტაგონის სპიკერმა გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო, თუმცა დადასტურებაზეც უარი თქვა. მისი განმარტებით, აშშ-ის პოლიტიკა არ ითვალისწინებს კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც ეხება ბირთვული იარაღის განთავსების საკითხს ზოგადად ან კონკრეტულ ადგილას.
მანამდე, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ გეგმავს ბრიტანეთის ავიაბაზაზე F-35 ტიპის გამანადგურებლების ორი ესკადრილიის განთავსებას. The Telegraph-ის წყაროების თანახმად, საუბარია 54 ერთეულ გამანადგურებელზე, რომელთაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ.
დიდ ბრიტანეთში ამერიკული ქობინების დაბრუნება არის ნატოს მასშტაბით ბირთვული ობიექტების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილი რუსეთთან ურთიერთობებში გაზრდილი დაძაბულობის საპასუხოდ, მისი უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
ამჟამად, შეერთებული შტატების ბირთვული იარაღი, დაახლოებით 100 ერთეული B61-12, განთავსებულია ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და თურქეთის საჰაერო ბაზებზე.