შეერთებული შტატების მთავრობამ თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა.
პროტოკოლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა 23 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების თაობაზე.
გარიგება ითვალისწინებს თურქეთისთვის 40 ერთეული ახალი F-16-ის მიყიდვას და თურქეთის საკუთრებაში უკვე არსებული 79 გამანადგურებლის მოდერნიზაციას.
აშშ-ის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა თურქეთის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება. თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი არც მალავდა, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდებოდა, თუ ვაშინგტონი ავიაგამანადგურებლების მიყიდვას დაამტკიცებდა.
თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამტკიცებას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აჭიანურებდა იმ მიზეზით, თითქოს შვედეთი საკმარისად სერიოზულად არ აღიქვამდა თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს.