ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ირანელ კოლეგებს მიმართეს დაეხმარონ წითელ ზღვაში გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმების შეკავებაში. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, ჩინეთსა და ირანს შორის დისკუსიები გაიმართა პეკინსა და თეირანში ბოლო შეხვედრებზე.
„ჩინეთი ამბობს: „თუკი ჩვენი ინტერესები რაიმე სახით დაზარალდება, ეს გავლენას მოახდენს ჩვენ ბიზნესზე თეირანთან. ასე რომ, უთხარით ჰუსიტებს, გამოიჩინონ თავშეკავება“, - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
თავდასხმებმა, რომლებსაც „ჰუსიტების“ თქმით, ღაზის სექტორში პალესტინელების მხარდასაჭერად ახორციელებენ, გაზარდა გადაზიდვისა და დაზღვევის ხარჯები, შეაფერხა საკვანძო სავაჭრო გზა აზიასა და ევროპას შორის, რომელსაც ფართოდ იყენებენ ჩინეთის გემები.
თუმცა, როგორც წყარომ აღნიშნა, ჩინელ ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ კონკრეტული კომენტარი და არც მუქარა გაუჟღერებიათ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაზარალდეს პეკინის სავაჭრო ურთიერთობები ირანთან, თუ მის ინტერესებს ზიანი მიადგება „ჰუსიტების“ თავდასხმების შედეგად.
წყაროების თქმითვე, პეკინმა ნათლად აჩვენა, რომ თეირანით იმედგაცრუებული დარჩებიან, თუ ჩინეთთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმები განხორციელდება ან რაიმე სახით დაზარალდება ქვეყნის ინტერესები.