რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიზნები უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელია - მას კვლავ სურს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურება და უკრაინელი ხალხის დამორჩილება. ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
"მომდევნო თვეში, თებერვალში, ათი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უკანონო შეჭრით და ყირიმის შემდგომი ოკუპაციის გზით. თებერვალში ასევე სრულდება ორი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ბელარუსის მხარდაჭერით, დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი {ეუთო-ს} წევრი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კარპენტერმა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ ახალი წლის დღეებში უკრაინის ქალაქების დაბომბვა "სასტიკი შეხსენებაა მსოფლიოსთვის, რომ პრეზიდენტ პუტინის მიზანი უცვლელი რჩება": ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და დაიმორჩილოს მისი ხალხი, ართმევს მათ დემოკრატიულ ხმას და სუვერენიტეტს. "
კარპენტერმა აღნიშნა, რომ16 იანვარს პუტინმა ღიად განუმარტა მოსკოვში თავის ჩინოვნიკებს, რომ უკრაინის ტერიტორია, რომელიც ახლა რუსეთის მიერაა ოკუპირებული, დაპყრობილია. „ეჭვგარეშეა, რომ კრემლი თავის ომს იმპერიალისტური თვალსაზრისით განიხილავს“, - თქვა ელჩმა.
„აშკარაა, რომ პუტინი და მისი გარემოცვა უკრაინას განიხილავს არა როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არამედ როგორც საპრიზო უძრავ ქონებას კრემლის მიერ მართული იმპერიისთვის, რომელიც სავსეა არა თავისუფალი ხალხით, არამედ იმ მოსახლეობით, რომელიც მათ სძულთ და ცდილობენ ძალის გამოყენებით დაიმორჩილონ.
უკრაინელების დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ მათი ბედი ევროპაშია და არა რუსეთის მონობაში. უკრაინელმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ევროპული და ტრანსატლანტიკური გზა. უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტა იბრძოლოს თავისი სახლების, თავისუფლებისა და თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი და შეერთებული შტატები მის გვერდით დგას“, - განაცხადა კარპენტერმა.