სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასამართლომ 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დარია ტრეპოვას, რომელსაც ბრალად ედებოდა სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი, რასაც სამხედრო ბლოგერი მაქსიმ ფომინი (ვლადლენ ტატარსკი) ემსხვერპლა.
26 წლის ტრეპოვა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტერაქტის განხორციელებაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიკვდილი, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობებით უკანონო ვაჭრობასა და დოკუმენტების გაყალბებაში.
პროკურატურა ქალისთვის 28-წლიან პატიმრობას ითხოვდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ეს სასჯელი ყველაზე მკაცრია, რომელიც ქალისთვის გამოუტანიათ რუსეთის თანამედროვე ისტორიაში.
როგორც იუწყებიან, ტრეპოვა სასჯელს ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, რუსეთში ქალებისთვის მკაცრი რეჟიმი არ არსებობს და მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა არ ემუქრებათ.
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, 2023 წლის 2 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ კაფეში დარია ტრეპოვამ ბლოგერს გადასცა ქანდაკება, რომელშიც ხელთნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. ქანდაკების გადაცემიდან რამდენიმე წუთში, მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც ვლადლენ ტატარსკი გარდაიცვალა, ხოლო კაფეში მყოფი 52 პირი დაშავდა.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ამტკიცებს, რომ ტერაქტი უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. მათი მტკიცებით, ტრეპოვას ქანდაკება უკრაინის მოქალაქემ იური დენისოვმა გადასცა, რომელიც სამხედრო ბლოგერს 2023 წლის თებერვლიდან უთვალთვალებდა.
სასამართლოზე ტრეპოვამ აღიარა მხოლოდ დოკუმენტების გაყალბება. მისი თქმით, მან არ იცოდა, რომ ქანდაკებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული.