"სულ მცირე 8000 უკრაინელი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, კვლავ ტყვეობაში იმყოფება რუსეთის ფედერაციაში", - განაცხადა იური ტარანიუკმა, სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა.
ტარანიუკის თქმით, რუსული აგრესიის დაწყებიდან, მოსკოვთან შეთანხმებით განხორციელდა 49 ტყვეთა გაცვლა.
"საკოორდინაციო შტაბის მიზანია რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დაბრუნება უკრაინაში. ეს ეხება როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამხედრო ტყვეებს. ამ დროისთვის განხორციელდა 49 გაცვლა და 2828 ადამიანი დაბრუნდა სახლში, საიდანაც 2681 სამხედრო მოსამსახურეა. ასევე დაბრუნდა 147 მშვიდობიანი მოქალაქე. ახლა ტყვეობაში 8000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, მათგან 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა", - თქვა ტარანიუკმა.
მან დასძინა, რომ საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს ათიათასობით სხვა უკრაინელის ძებნას, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. ამავდროულად, ტარანიუკმა გამოთქვა რწმენა, რომ დაკარგულთა უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა ბოლო გაცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. 3 იანვარს სამშობლოში 230 უკრაინელი დაბრუნდა.