ილ 76-ის ჩამოგდების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მოითხოვს. ამის შესახებ ლავროვმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დაახლოებით საათნახევრის წინ მოვითხოვეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა. დიდი იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობა კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობებს და რაც შეიძლება მალე დანიშნავს სხდომას. არ ვისურვებდი, რომ 2022 წლის ისტორია განმეორდეს, როდესაც ბუჩაში ინსცენირების შემდეგ ბრიტანეთის წარმომადგენლობა სამი დღის განმავლობაში უარს ამბობდა სხდომის მოწვევაზე“, - განაცხადა ლავროვმა.
ილ-76-ის ჩამოგდების ფაქტს ლავროვმა „კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული მეთოდებით გამოყენების მორიგი ფაქტი“ უწოდა.
„უკრაინელი სამხედრო ტყვეები გადაყვდათ ბელგოროდის რაიონში, რათა განეხორციელებინათ მორიგი გაცვლა, რომელიც შეთანხმებული იყო მოსკოვსა და კიევს შორის. გაცვლის მაგივრად, უკრაინულმა მხარემ ხარკოვის რეგიონიდან თვითმფრინავზე განახორციელა საზენიტო-სარაკეტო შეტევა, რაც ფატალურად დასრულდა“, - თქვა ლავროვმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა ტყვედ აყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 სამხედრო მოსამსახურე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, მათ არ აქვთ სანდო ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა ბელგოროდში ჩამოგდებულ რუსულ თვითმფრინავში.