პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ კვლავ შეიწყალა პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე მაცეი ვონსიკი, რომლებიც იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს.
კამინსკი და ვონსიკი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 2007 წელს განხორციელებული ქმედებებისთვის გაასამართლეს. ანჯეი დუდამ ისინი 2015 წელს შეიწყალა, თუმცა გასული წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ მათი შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შემდეგ პოლიტიკოსები სასამართლოს წინაშე წარდგნენ. დეკემბრის მიწურულს ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მათ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მარიუშ კამინსკიმ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. და მის დაკავებას პოლიტიკური შურისძიება უწოდა.
გასულ კვირას დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს სასამართლომ ციხეში იძულებითი კვება დაუნიშნა. დუდამ აღნიშნა, რომ ის კამინსკის და ვონსიკს პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. მისივე თქმით, მათი დევნა უკანონოა, რადგან ისინი იყვნენ პატიოსანი საჯარო მოხელეები და „უმოწყალოდ ებრძოდნენ კორუფციას“.