აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარების გარეშე კიევს მოუწევს მტკივნეულ ზომებს მიმართოს, რათა უზრუნველყოს მთვრობის მუშაობა. მოსალოდნელია ხელფასების გაცემის შეწყვეტა და ფულის დაბეჭდვა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal უკრაინელი ეკონომისტებსა და მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
მიმდინარე წელს უკრაინას ემუქრება საბიუჯეტო დეფიციტი 40 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც 2023 წელთან შედარებით ოდნავ ნაკლებია. ეს ფინანსები აუცილებელია მთავრობის მხარდასაჭერისა და მოსახლეობისთვის ხელფასების გადახდისთვის, პენსიებისა და სუბსიდიებისთვის.
მოსალოდნელი იყო, რომ აშშ-სა და ევროკავშირის დაფინანსება, სავარაუდოდ, ამ თანხიდან დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს დაფარავდა. თუმცა ვაშინგტონიდან დახმარება კონგრესში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უთანხმოების გამო ფერხდება, მაკროსაფინანსო დახმარება ევროკავშირისგან 50 მილიარდი ევროს მოცულობით კი 2027 წლამდე უნგრეთმა დაბლოკა.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანამ შემოიღო გადასახადი ბანკის მოგებაზე, გადაანაწილა საგადასახადო შემოსავლების ნაწილი და გაზარდა შიდა სესხების მოცულობა, რომელმაც თებერვლამდე უნდა დაფაროს ბიუჯეტის ხარჯები.
თუმცა, უკრაინის ფინანსთა სამინისტროს უფროსის მოადგილის ოლგა ზიკოვას თქმით, ამ ზომებს შეზღუდული ეფექტი აქვს და კიევის ყველა პარტნიორს ესმის, რამდენად სასწრაფოდ სჭირდება ქვეყანას დამატებითი დახმარება.
„თუ დახმარებას სწრაფად არ მიიღებს, უკრაინის მთავრობა შესაძლოა, იძულებული გახდეს მიიღოს დამატებითი ზომები ფულადი სახსრების შესანარჩუნებლად. თავის მხრივ, სამხედრო დახმარების დაგვიანება დარტყმას მიაყენებს უკრაინის შესაძლებლობებს, ჩაატაროს სამხედრო ოპერაციები, რომლებიც შეჩერებულია წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ“, - იუწყება WSJ.