დიდ ბრიტანეთში, პირველად, სამხედროებმა საჰაერო სამიზნეები შორ მანძილზე მოქმედი ლაზერული ენერგეტიკული იარაღის სისტემა DragonFire-ის გამოყენებით გაანადგურეს. ამის შესახებ იტყობინება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.
გამოცდა ჩატარდა შოტლანდიაში, ჰებრიდის პოლიგონზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ DragonFire-ის ლაზერის მოქმედების მანძილი გასაიდუმლოებულია და აღნიშნეს, რომ იარაღს შეუძლია გაანადგუროს „ნებისმიერი ხილული სამიზნე“. The Times-ის ცნობით, გამოცდის დროს DragonFire-მა გაანადგურა მიახლოებული დრონები რამდენიმე კილომეტრის მანძილიდან.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი იარაღი მომავალში შეიძლება გახდეს რაკეტების ხელმისაწვდომი ალტერნატივა გარკვეული ამოცანების შესასრულებლად. ენერგეტიკული იარაღი ხვდება სამიზნეებს სინათლის სიჩქარით და ანადგურებს მათ სხივის გამოყენებით. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი ლაზერული გასროლა 10 ფუნტი ღირს. მისი სიზუსტე უდრის მონეტაში მოხვედრას ერთი კილომეტრის მანძილიდან.
წარმატებულმა გამოცდამ „აჩვენა საჰაერო სამიზნეების განადგურების უნარი შესაბამის მანძილზე და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს შეიარაღებაში ამ ტექნოლოგიის დანერგვისკენ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დიდი ბრიტანეთის არმია და საზღვაო ძალები განიხილავენ იარაღის გამოყენებას საჰაერო თავდაცვისთვის.