გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 4 მილიარდისა. ამის შესახებ იტყობინება გერმანიის მთავრობის პრესსამსახური სამშაბათს, 16 იანვარს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
"გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა ისაუბრეს უკრაინის შემდგომი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას რუსული აგრესიისგან", - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.
შოლცმა და ბაიდენმა ასევე განიხილეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის წინააღმდეგ. ისაუბრეს ასევე, ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე ერაყში, სირიასა და პაკისტანში.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინისთვის გაწეული დახმარების რაოდენობით ლიდერობენ შეერთებული შტატები და გერმანია. 2022 წლის 24 თებერვლიდან ბერლინმა კიევს დაახლოებით 6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია. მათ შორის იყო ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T. ამჟამად გერმანიაში განიხილება უკრაინისთვის Taurus-ის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდება.
ის აქტი, რომ გერმანიის მთავრობა 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარების ოდენობის გაორმაგებას გეგმავდა, ჯერ კიდევ ნოემბერში გახდა ცნობილი. ამით, გერმანია გაზრდის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2.1%-მდე, რითაც ნატო-ს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.