გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მისმა პარტნიორებმა დონორებს სთხოვეს 4,2 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების, ასევე უკრაინელი ლტოლვილებისა და მათი მასპინძელი ქვეყნების მხარდასაჭერად.
გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისისა (OCHA) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, " საუბარია დაახლოებით 10,8 მილიონი ადამიანის დამხარებაზე უკრაინასა და ევროპის რეგიონში, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი საჭიროებები".
"ასობით ათასი ბავშვი, რომელიც ფრონტის ხაზზე ცხოვრობს, შეშინებულია, ტრავმირებულია და ვერ ახერხებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას. მხოლოდ ამან უნდა მოგვცეს მოტივაცია, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მეტი ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ უკრაინას“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გაეროს გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა მარტინ გრიფიტსმა.
მიმდინარე წელს გაეროს შეფასებით, უკრაინაში 14,6 მილიონზე მეტ ადამიანს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტს, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო.
რუსეთის მიერ გაჩაღებულმა ომმა დაახლოებით 6,3 მილიონი აიძულა, დაეტოვებინა სამშობლო და ცხოვრობს ლტოლვილად, ძირითადად ევროპაში.