რიო დე- ანეიროში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე თერთმეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია სასწრაფო დახმარების სამსახურმა კვირას, 14 იანვარს გაავრცელა.
სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი ყველაზე მეტად დაზარალდა.
მათივე ინფორმაციით, ადამიანები ემსხვერპლნენ მეწყერს, ნაწილი კი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა, ან დაიხრჩო. კიდევ ერთი ქალი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მისი ავტომობილი მდინარემ წაიღო.
უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქალაქის ქუჩები, ზოგგნ წყლის დონე მანქანებს ფარავდა. შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
ქალაქის მერმა ედუარდო პაესმა ხალხს მოუწოდა დარჩნენ სახლში და არ ჩაერიონ სამაშველო სამუშაოებში. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის ლუის ინასიო ლულა და სილვას მთავრობამ რიო დე ჟანეიროს ფედერალური მხარდაჭერა შესთავაზა. ბრაზილიის ხელისუფლების ცნობით, მეწყრების საფრთხე შტატის რვა ქალაქში რჩება.