ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სჰინასმა იმედი გამოთქვა, რომ პოპულარული ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ახალგაზრდებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი.
ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა გასული წლის სექტემბერში, ტეილორ სვიფტის მოწოდება ამერიკელი ახალგაზრდებისადმი, დარეგისტრირებულიყვნენ ხმის მისაცემად. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, Vote.org-ზე 35 000 ამერიკელი ახალგაზრდა დარეგისტრირდა.
"ტეილორ სვიფტი 9 მაისს, ევროპის დღეს, პარიზში გამართავს კონცერტს. დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე მოწოდებას გააკეთებს ახალგაზრდა ევროპელებისადმი. ვიმედოვნებ, ვინმე მისი გუნდიდან უყურებს ამ პრესკონფერენციას და გადასცემს მას ჩვენს თხოვნას", - დასძინა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამერიკელი მომღერალი მსოფლიო ტურნეს, Eras Tour-ის ფარგლებში, კონცერტს გამართავს პარიზში, ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.
მომღერალს, რომელიც ჟურნალ Time-ის მიერ გასული წლის ადამიანად დასახელდა, მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. Eras Tour-ი გახდა პირველი მუსიკალური ტურნე, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
ევროკავშირის მესვეურებს სურთ, გაზარდონ ევროპარლამენტის არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობა. 2019 წლის არჩევნებში 25 წლამდე ევროპელების მხოლოდ 42%-მა მიიღო მონაწილეობა.