შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ის ფედერალური მთავრობის ვალის ოდენობამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და 34 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალმა 34-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა იმაზე ადრე, ვიდრე ეს იყო ნავარაუდევი.
2020 წელს კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ვარაუდით, ფედერალური მთავრობის მთლიანი ვალი 34 ტრილიონ დოლარს 2029 წელს მიაღწევდა.
თუმცა, ვალის ოდენობა სწრაფად გაიზარდა მეტწილად პანდემიის გამო, რომელიც 2020 წელს დაიწყო და ამერიკის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი დახურა.
მაშინ, ჯერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და შემდგომ ჯო ბაიდენის მთავრობამ, დიდი სესხი აიღო ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მხარდასაჭერად.
თუმცა ეკონომიკის აღდგენის პარალელურად გაიზარდა ინფლაცია, რამაც გაზარდა საპროცენტო განაკვეთები და მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯები.
როგორც ჩანს სახელმწიფო ვალი ჯერჯერობით დიდ ტვირთად არ აწევს აშშ-ის ეკონომიკას, რადგან ინვესტორები კვლავ მზად არიან სესხის გასაცემად ფედერალური მთავრობისთვის. ეს საშუალებას აძლევს მთავრობას, განაგრძოს თავისი პროგრამების დაფინანსება გადასახადების ზრდის გარეშე.
თუმცა, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ეროვნული ვალის ტრაექტორიამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას და აუცილებელ პროგრამებს, მათ შორის საპენსიო და ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებს.