ENG / RUS       12+

2023 წელი ფოტოებში | გალერეა

2023 წელს მსოფლიოში მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. BBC-მ შეკრიბა სხვადასხვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ამ მოვლენების ამსახველი კადრები.

ჯამში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში. მოქალაქეები დაუპირისპირდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეგმას, რომლის თანახმადაც საპენსიო ასაკი ორი წლით – 64 წლამდე უნდა გაიზარდოს

ათასობით ადამიანმა პატივი მიაგო რომის გადამდგარი პაპის, ბენედიქტე მე-16-ის ცხედარს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. რომის  პაპი ახალი წლის ღამეს, 95 წლის ასაკში ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა, ტახტიდან გადადგომიდან თითქმის 10 წლის შემდეგ

ბრაზილიაში, სან პაულოს მახლობლად, რეკორდული წვიმის შედეგად 750-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი, 40 ადამიანზე მეტი დაიღუპა მეწყრის შედეგად

ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სირიის საზღვართან

მიშელი იო გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელმაც ოსკარი მოიპოვა ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის

71 წლის ლიუბოვ ვასილივნას არ სურს საკუთარი სახლის დატოვება და ევაკუაცია სოფელ სემენევკადან, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონში მდებარეობს

ძლიერი ხანძარი ინდოეთის მუმბაიში, აპა პადას ღარიბთა უბანში. ხანძრის შედეგად, 1000-ზემეტი სახლი დაზიანდა ან განადგურდა

საპროტესტო აქციები ბოლივიის ქალაქ ლა პასში ბოლივიის განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ახალი სასწავლოს გეგმის წინააღმდეგ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრესკონფერენციის შემდეგ, რომელიც თავის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, პალმ ბიჩში, ფლორიდაში გამართა, სასამართლო პროცესის შემდეგ. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წარდგენილ 34 ბრალდებაში უდანაშაულოა

ნეაპოლის ქუჩებში გულშემატკივრები ზეიმობენ „ნაპოლის“ ჩემპიონობას. იტალიის სკუდეტო „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო

მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა დგანან ბაკინგემის სასახლის აივანზე ლონდონში, კორონაციის შემდეგ. ჩარლზი მეფე გახდა 2022 წლის 8 სექტემბერს, დედის, დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ

პრაიდის მარში ტორონტოში, კანადა

კანადაში, ტყის ხანძრების ასობით კერის შედეგად წარმოქმნილი კვამლის გავრცელების გამო, ნიუ-იორკში ჰაერის ხარისხის დონე ჯანმრთელობისთვის საშიშ ზღვრამდე დაეცა

კოლუმბიის საჰაერო ძალების პერსონალი კოლუმბიის ჯუნგლებში ავიაკატასტროფას გადარჩენილ ბავშვთან. მსუბუქი თვითმფრინავი ჯუნგლებში 1-ელ მაისს ჩამოვარდა.მაშველებმა 40 დღის შემდეგ იპოვეს გადარჩენილი 13, 9, 5 და 1 წლის ბავშვები

ტყის მასშტაბური ხანძრები ინდონეზიაში

მიგრანტები მექსიკა-აშშ-ის საზღვართან

ავღანელები ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევების ბორცვთან. ორი ძლიერი მიწისძვრა დასავლეთ ავღანეთში ოთხი დღის ინტერვალით მოხდა, რის შედეგადაც 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჰადას კალდერონი, ნირ ოზის კიბუციდან, რომლის შვილებიც ჰამასის ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს, შეძრწუნებული ათვალიერებს დედამისის დამწვარ სახლს. ჰადასის დედა ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს მის დისშვილებთან ერთად. ჰამასის ტერორისტებმა ისრაელზე ღაზას სექტორიდან 7 ოქტომბერს უპრეცედენტო თავდასხმა დაიწყეს, რის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა და 240-მდე მძევალი აიყვანეს

ისრაელის „რკინის გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა იგერიებს ღაზას სექტორიდან გაშვებულ რაკეტებს

პალესტინელი ქალი ინას აბუ მაამარი ეხვევა თავისი ხუთი წლის დისშვილის, სალის ცხედარს, რომელიც ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, ნასერის საავადმყოფოში, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში. ჰამასის კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში 21,100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა ისრაელის სამხედროების მიერ ტერიტორიის დაბომბვის შედეგად

მიწისძვრების შედეგად ისლანდიის ქალაქ გრინდავიკში უზარმაზარი ბზარები გაჩნდა. ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ოფიციალური პირები ვულკანის გარდაუვალ ამოფრქვევას ვარაუდობდნენ

კვამლის ღრუბელი ვილარიკის ვულკანის თავზე, ჩილეში. ვულკანი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად ითვლება სამხრეთ ამერიკაში, ბოლოს 2015 წელს ამოიფრქვა