ინდოეთის ოკეანეში ირანის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი ქიმიური ნივთიერებებით დატვირთულ ტანკერს თავს დაესხა . ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც CNN პენტაგონის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, 2021 წლის შემდეგ კომერციულ გემებზე ირანის ეს უკვე მეშვიდე თავდასხმაა.
ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი CHEM PLUTO, რომელიც იაპონიას ეკუთვნის და ნიდერლანდები მართავს, დრონის სამიზნე ინდოეთის სანაპიროდან 200 საზღვაო მილის დაშორებით გახდა. ბორტზე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი არ არის.
აშშ-ს საზღვაო ძალების ცენტრალურ სარდლობას გემთან კონტაქტი აქვს. დეპარტამენტის თქმით, ახლომახლო აშშ-ის საზღვაო ძალების გემები არ ყოფილა.
ინდოეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ გემზე ეკიპაჟის 21 წევრი იმყოფებოდა და შემთხვევის შემდეგ ხომლდი მუმბაისკენ დაიძრა.