გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღევანდელი დღე გახდება ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე ახლო აღმოსავლეთისთვის, – ამის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელმა, დმიტრი პოლიანსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო.
მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება პალესტინელებისთვის „სასიკვდილო განაჩენი“ იყო. მანვე აშშ-ის პოზიციას ეგოისტური უწოდა და თქვა რომ ამის შედეგია ღაზაში "პალესტინელი ბავშვების სასაფლაო".
„ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა დავტოვოთ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები „გეოპოლიტიკური თამაშის“ წყალობაზე“, – განაცხადა დმიტრი პოლიანსკიმ, რომლის ქვეყანაც, ბლოკავს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს უკრაინაში მის მიერ დაწყებულ ომთან დაკავშირებით და უგულებელყოფს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს, რომელმაც უკვე სამჯერ მოუწოდა მას ომის შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ.
ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუცია არ გმობდა „ჰამასს“.