ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო.
უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, ხოლო ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში ბრიტანეთის წარმომადგენლის განმარტებით, მისი ქვეყანა ვერ მისცემდა ხმას რეზოლუციას, რომელიც არ გმობს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეს.
რაც შეეხება გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელს, მან განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებდა ვაშინგტონის რეკომენდაციებს და არ გმობდა „ჰამასს“.
„არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც „ჰამასმა“ ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს „ჰამასს“ ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა.