ისრაელის ელჩმა გაერო-ში გილად ერდანმა მწვავედ გააკრიტიკა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებისთვის და მისი გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
„დღეს გენერალური მდივანი მორალურად კიდევ ერთხელ დაეცა ,” - თქვა ერდანმა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება ფაქტობრივად არის მოწოდება „ჰამასისთვის“, გააგრძელოს ტერორი ღაზაში.
„გენერალური მდივნის დამახინჯებული ხედვა მხოლოდ ახანგრძლივებს ბრძოლას ღაზაში, რადგან ეს „ჰამასის“ ტერორისტებს იმედს აძლევს, რომ ომი დასრულდება და ისინი გადარჩებიან.
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გენერალურ მდივანს დაუყოვნებლივ გადადგეს - გაერო-ს სჭირდება გენერალური მდივანი, რომელიც მხარს უჭერს ომს ტერორიზმთან და არა გენერალური მდივანი, რომელიც მოქმედებს „ჰამასის“ მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით,” - თქვა გილად ერდანმა.
მანამდე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ჰუმანიტარული მიზნებისთვის კიდევ ერთხელ მოუწოდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ.
მისი თქმით, ადამიანების სასოწარკვეთილი მდგომარეობის გამო ღაზის სექტორში საზოგადოებრივი წესრიგი მალე მთლიანად დაირღვევა.
„ჰუმანიტარული მდგომარეობა ომის დროს სწრაფად უარესდება და კატასტროფად გარდაიქმნება მთლიანობაში პალესტინელებისთვის შეუქცევადი შედეგებით. მსგავსი რამ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერ ფასად“, – განაცხადა გუტერეშმა.