აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ირანის მხარდაჭერით განხორციელდა.
„დღეს მოხდა ოთხი თავდასხმა სამ კომერციულ გემზე საერთაშორისო წყლებში, წითელი ზღვის სამხრეთით. არლი-ბერკის კლასის გამანადგურებელმა USS CARNEY-მ უპასუხა გემების განგაშის სიგნალებს და დახმარება გაუწია.
ეს თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობასა და საზღვაო უსაფრთხოებას. მათ საფრთხე შექმნეს საერთაშორისო ეკიპაჟების სიცოცხლეს, რომლებიც წარმოადგენდნენ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას. ჩვენ ასევე გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს თავდასხმები, მიუხედავად იმისა, რომ იემენში ჰუტისებმა განახორციელეს, მთლიანად ირანის მიერ იყო ორგანიზებული. შეერთებული შტატები განიხილავს ყველა შესაბამის რეაგირებას საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე იემენელმა ჰუსიტებმა მოძრაობა „ანსარ ალაჰიდან“ აიღეს პასუხისმგებლობა კვირას, 3 დეკემბერს წითელ ზღვაში ორ სავაჭრო გემზე თავდასხმაზე.
ისრაელურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომერციული გემების მფლობელები ისრაელელი ბიზნესმენები არიან.
თუმცა მოგვაინებით, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ გემებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ისრაელთან.
„ორ კომერციულ გემს, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა, არანაირი კავშირი არ აქვს ისრაელთან. მკაფიოდ ვიმეორებ, რომ გემებს არ ჰქონდათ კავშირი ისრაელთან. ერთი გემი საგრძნობლად დაზიანდა და ჩაიძირა, ხოლო მეორე გემი დაზიანდა“, – აღნიშნა ჰაგარმა.