პენტაგონის განცხადებით, წითელ ზღვაში ამერიკის სამხედრო ხომალდებზე და სხვა რამდენიმე კომერციულ გემზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
იემენელმა ჰუსიტებმა კი განაცხადეს, რომ ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე განახორციელეს თავდასხმა, თუმცა აშშ-ის გემები არ უხსენებიათ.
პენტაგონს არ დაუზუსტებია, საიდან განხორციელდა თავდასხმა. თუმცა, იემენელი ჰუსტიების სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარეამ განაცხადა, რომ გემებმა უგულებელყვეს ჰუსიტების გაფრთხილება, რის გამოც განახორციელეს თავდასხმა.
„იემენის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ისრაელის გემების წითელ ზღვაში დაშვების აკრძალვას, ვიდრე არ შეჩერდება ისრაელის აგრესია ჩვენი ძმების წინააღმდეგ ღაზის სექტორში. იემენის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს გაფრთხილება ისრაელისა და ისრაელთან დაკავშირებული ყველა გემის მიმართ, რომ ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამიზნეები, თუ დაარღვევენ აღნიშნულ განცხადებას“, – აღნიშნა სარეამ.
ამასთან, ისრაელური მედიის ცნობით, კომერციული გემების მფლობელები ისრაელელი ბიზნესმენები არიან.
ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეოთხე თავდასხმაა ისრაელის ბიზნესმენებთან დაკავსირებულ გემებზე.