CNN ისრაელის ხელისუფლების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ჰამასის“ მიერ 13 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, პარასკევს ისრაელის ციხეებიდან 39 პალესტინელი გათავისუფლდება.
მხარეებმა და შუამავლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ზოგადად შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ერთი სამზე (50-დან 150-მდე) თანაფარდობით, მაგრამ პარასკევს, გაცვლის პირველ დღეს, ეს თანაფარდობა მკაცრად იქნება თუ არა დაცული, ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.
CNN-ის წყაროს ცნობით, პალესტინელ პატიმრებს - ქალებსა და მოზარდებს - ჰაიფას მახლობლად მდებარე დამონისა და მეგიდოს ციხეებიდან დასავლეთ სანაპიროზე გადაიყვანენ რამალას მახლობლად მდებარე ოფერის ციხეში და იქ მათ წითელ ჯვარს გადასცემენ.
CNN-ის წყარო ამბობს, რომ ისრაელი არ გაათავისუფლებს პალესტინელებს, ვიდრე ღაზადინ 13 მძევალს არ მიიღებს. 13 მძევლის გამოშვება კი ადგილობრივი დროით ოთხ საათზე იგეგმება.