18 ნოემბრის ღამეს, მიგრაციის ზრდის ფონზე ფინეთმა რუსეთთან რვიდან ოთხი სასაზღვრო გადასასვლელი დახურა. შეზღუდვები შენარჩუნდება 2024 წლის 18 თებერვლამდე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს.
შუაღამედან აღმოსავლეთ ფინეთის საზღვართან მდებარე იმატრას, ნიირალას, ნუიამას და ვაალიმას სასაზღვრო პუნქტებმა მუშაობა შეწყვიტეს.
გასული 24 საათის განმავლობაში დამონტაჟდა ბეტონის ბარიერები და დროებითი ღობეები.
საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან არაერთი ინციდენტი მოხდა.
პარასკევს საღამოს ნიირალაში გაზი გამოიყენეს ერთ-ერთი მიგრანტის წინააღმდეგ, რომელიც საზღვრის გარღვევას ცდილობდა, წერს Yle. იყო შემთხვევები, როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა ჯგუფები ორგანიზებულად მიდიოდნენ ველოსიპედით გადასასვლელ პუნქტებთან და მის გარღვევას ცდილობდნენ.
ფინეთის მთავრობა მზად არის დახუროს რუსეთთან დარჩენილი სასაზღვრო პუნქტები თუ ნაწილობრივი დახურვა შედეგს არ გამოიღებს.