აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განუმარტა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ აშშ-ის თვალსაზრისით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ოკუპაცია შეცდომა იქნება და ერთადერთი გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ არის ორი სახელმწიფოს - ისრაელის და პალესტინის ფორმულა.
ამის შესახებ ბაიდენმა კალიფორნიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შედეგებზე გაიმართა, თუმცა ჟურნალისტებმა ბაიდენს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შესახებ.
ოფიციალური ინფორმაციით, ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოლოს ტელეფონით 14 ნოემბერს ისაუბრეს. ბაიდენმა მანამდე უკვე განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ღაზის სექტორის შესაძლო ოკუპაციას.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰამასის დამარცხების შემდეგ ისრაელს განუსაზღვრელი ვადით მოუწევს ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება.