დაღესტანში ებრაელები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, - ამის შესახებ ქალაქ დერბენტის რაბინმა ოვადია ისაკოვმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. აღნიშნული ინტერვიუ მაჰაჩყალის აეროპორტში ადგილობრივების შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა.
„დაღესტანში ძალიან მძიმე ვითარებაა, თემის {ებრაელთა} წარმომადგენლებს ეშინიათ, გვირეკავენ, მაგრამ არ ვიცი რა ვურჩიო. ერთმა ქალმა დახმარებისთვის ადგილობრივ პოლიციის ოფიცერს მიმართა და მან უთხრა: „თქვენ ხომ ხედავთ, როგორ ექცევით მათ შვილებს იქ“. ქალი ცდილობდა აეხსნა რას აკეთებდა „ჰამასი“, მაგრამ პოლიციის ოფიცრისთვის ყველაფერი პირიქით იყო“, - განუცხადა რაბინმა გამოცემას.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ დაღესტნელ ებრაელებს მოუწევთ წასვლა, თუმცა არ იცის სად.
„დერბენტში დაახლოებით 300-400 ოჯახია, ვფიქრობ, კიდევ ამდენივეა მთელ დაღესტანში. ღირს თუ არა საერთოდ წასვლა, რადგან რუსეთი არ არის ხსნა, რუსეთშიც იყო დევნა. გაურკვეველია სად გაიქცე, ”- თქვა რაბინმა.
ისაკოვის აზრით, ადგილობრივი მოსახლეობის მტრული დამოკიდებულება ებრაელების მიმართ იმის შედეგია, რომ „ისრაელმა საინფორმაციო ომი წააგო“.
შეგახსენებთ, რუსეთში, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტის ტერმინალში ადგილობრივები შეიჭრნენ და ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ.
მედიის ცნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროპალესტინელები ისრაელელებზე თავდასხმას აპირებდნენ. თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროპორტში დაეშვა, მაგრამ მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავში დარჩენა სთხოვეს და შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.