ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ლიბანის საზღვართან მდებარე 28 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას იწყებენ.
მათივე განცხადებით, ლიბანის საზღვრიდან ორ კილომეტრში მდებარე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლები სახელმწიფო ხარჯებით სასტუმროებში დაბინავდებიან.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით შეტევები გახშირდა. თავდაცვის ძალების ცნობით, კვირას, 15 ოქტომბერს ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, „ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმის შედეგად, ლიბან-ისრაელის საზღვართან მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში.
გასული კვირიდან მოყოლებული, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა - ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.