ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ ოპერატიულ ცენტრზე ავიადარტყმის შედეგად დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური მურად აბუ მურადი მოკლეს.
აბუ მურადი საჰაერო-სადესანტო სპეციალური ქვედანაყოფის მეთაური იყო. როგორც ისრაელური წყაროები იტყობინებიან, აბუ მურადი ერთ-ერთი იყო, ვინც 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
პალესტინურ მხარეს ისრაელის არმიის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ისრაელელი სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ მანამდე მოკლეს რამდენიმე ლიბანელი მებრძოლი, რომლებიც ლიბანის სზღვართან მდებარე ქალაქ მარგალიოტის რაიონში გადასვლას ცდილობდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლო დრონები გამოიყენეს.