ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ “ჰამასის” მებრძოლებმა, რომლებმაც ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწიეს, მძევლები აიყვანეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს.
მძევლების ზუსტი რაოდენობა, ასევე მათ შორის სამოქალაქო პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, ჯერ უცნობია.
როგორც BBC იუწყება, ტყვეების რაოდენობა, შესაძლოა რამდენიმე ათეულს აღწევდეს. ზოგიერთი მათგანი ღაზას სექტორის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქებში იმყოფება, ნაწილი კი ღაზაში გაგზავნეს.
მანამდე „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელმა, სალეჰ ალ-არურმა განაცხადა, რომ პალესტინელების ტყვეობაში არიან ისრაელის არმიის მაღალჩინოსნები. მანვე Al Jazeera -ს განუცხადა, რომ შესაძლებელია დატყვევებული ისრაელელების გაცვლა ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელებზე.
"ბევრი პალესტინელი და ისრაელელი დაიღუპა, ბევრი ტყვედ ჩავარდა, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები", - თქვა ჰამასის წარმომადგენელმა.
ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს, გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 70 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს.
ვრცელდება ცნობები პალესტინაში მსხვერპლის შესახებაც. Al Jazeera ღაზას წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის არმიის საპასუხო დარტყმების შედეგად ღაზაში სულ მცირე 198 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი ათასამდეა.