რუსეთის არმია თავს არ ესხმის სამოქალაქო ობიექტებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. ის გამოეხმაურა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე თავდასხმას, რომელსაც 52 ადამიანი ემსხვერპლა.
„დარტყმები ხორციელდება სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ადგილებზე, სადაც იკრიბებიან სამხედრო მოსამსახურეები და სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლები“, - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გუშინ რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს სოფელ გროზაში მაღაზიასა და კაფეზე, სადაც დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა. ეს თავდასხმა ყველაზე მასშტაბურია მსხვერპლის მხრივ ხარკოვის რეგიონში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ სოფელ გროზაში სპეციალურ ჯგუფს აგზავნის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.