მშვიდობის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეზ მოჰამადი გახდა. ის ირანში ცნობილი უფლებადამცველი იყო, რომელიც იცავდა ქალთა უფლებებს და იბრძოდა სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის. ის ამჟამად ირანში ადამიანის უფლებების დაცვისთვის დაპატიმრებულია.
ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ეს გადაწყვეტილება დღეს, 6 ოქტომბერს, ოსლოში გახდა ცნობილი.
ჯილდო ნარგეზ მოჰამადს გადაეცა "ირანში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის".
”მან მამაცური ბრძოლისთვის გადაიხადა უზარმაზარი ფასი. საერთო ჯამში რეჟიმმა ის 13-ჯერ დააკავა და ხუთჯერ გაასამართლა, 31 წლით თავისუფლების აღკვეთა და როზგით 154 დარტყმა მიუსაჯა. ქალბატონი მოჰამადი ჯერ კიდევ ციხეშია, ვიდრე მე ვლაპარაკობ“, - განაცხადა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბერიტ რაის-ანდერსენმა, მოჰამედის სახელის გამოცხადებისას.
კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლევანდელი მშვიდობის პრემია ასევე მიზნად ისახავს პატივისცემას ასობით ათასი ადამიანის მიმართ, ვინც შარშან [ირანში] ირანის თეოკრატიული რეჟიმის დისკრიმინაციისა და ქალების ჩაგვრის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა. "დემონსტრანტების დევიზი (ქალი - სიცოცხლე - თავისუფლება) სათანადოდ ასახავს ნარგეზ მოჰამადის თავდადებასა და მოღვაწეობას", - აღნიშნულია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.