უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა. ეს მეექვსე შეხვედრაა ორ პრეზიდენტს შორის და ზელენსკის მესამე ვიზიტი თეთრ სახლში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაიდენმა ხაზი გაუსვა, ამერიკის გრძელვადიან ერთგულებას უკრაინის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისადმი.
„ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. მომავლის შესახებ, თავისუფლების მომავლის შესახებ. ამერიკა ამას ვერასდროს დათმობს. სწორედ ამიტომ, ხუთას სამოცდათხუთმეტი დღის შემდეგ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ თქვენს გვერდით დგომას, ბატონო პრეზიდენტო“, - განაცხადა ბაიდენმა ვოლოდიმერ ზელენსკისადმი მიმართვაში.
ბაიდენმა ასევე დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი. პენტაგონის ინფორმაციით, მისი ღირებულება 325 მილიონი დოლარი იქნება.
პაკეტში არ შევიდა 300 კმ სიშორის ATACMS რაკეტები, რასაც კიევი დიდი ხანია ითხოვს. მაგრამ დახმარების პაკეტში იქნება HIMARS საბრძოლო მასალა, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, მათ შორის კასეტური DPICM-ები, ისევე როგორც საჰაერო თავდაცვის მრავალი იარაღი: AIM-9M-ის რაკეტები, ტყვიამფრქვევები დრონებთან საბრძოლველად და Avenger-ის საველე საზენიტო-სარაკეტო სისტემები.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო საჰაერო თავდაცვის მიწოდებაზე ზამთარში, როდესაც სავარაუდოდ რუსეთი წამოიწყებს ახალ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას.
ასევე, მომავალი კვირიდან უკრაინა მიიღებს Abrams -ის პირველ ამერიკულ ტანკებს. მათი მიწოდების გადაწყვეტილება (სულ 31 ერთეული) ჯერ კიდევ იანვარში იყო მიღებული, თუმცა აღჭურვილობის, ეკიპაჟების და ტექნიკური პერსონალის მომზადებას დიდი დრო დასჭირდა.
ამასთან, პენტაგონის წარმომადგენელმა გენერალმა პეტ რაიდერმა განმარტა თუ რატომ არის უკრაინა ასეთი მნიშვნელოვანი.
„თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინის, როგორც ერის განადგურებას, ის აქ არ გაჩერდება. მე ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ აშშ-ის და საერთაშორისო რეაგირებას [უკრაინის ომზე] ყურადღებით ადევნებს თვალს ისეთი ქვეყნა, როგორიცაა ჩინეთი. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვისაუბროთ შემაკავებელ ეფექტზე,” - თქვა გენერალმა.
თავად ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან ბევრი საკითხი განიხილა სენატორებთან და კონგრესმენებთან: „ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, მხარდაჭერაზე, ბრძოლის ველზე, ჩვენს გეგმებზე. ჟურნალისტებს ყველა დეტალს ვერ ვეტყვი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ძლიერი დიალოგი გვქონდა“, - თქვა ზელენსკიმ.
მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კონგრესის გადაწყვეტილება კიევისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ "კრიტიკულად მნიშვნელოვანია" უკრაინის კონტრშეტევის წარმატების უზრუნველსაყოფად.
სპიკერ მაკკარტისთან, უმრავლესობის ლიდერთან სტივ სკალისთან და უმცირესობის ლიდერთან ჰაკიმ ჯეფრისთან შეხვედრების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ძალიან მადლიერია წარმომადგენელთა პალატის მიმართ.
”უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოფს, რომ ვერც რუსეთი და ვერც სხვა დიქტატურა ვერ მოახდენს თავისუფალი სამყაროს დესტაბილიზაციას. იმისათვის რომ გავიმარჯვოთ, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.